-
2014-02-02 01:01
საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დადებითად შეაფასა და მას მადლობა გადაუხადა ევროსამჭოს პარლამენტში რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც საქართველოსადმი ნეგატიური დამოკიდებულებითაა ცნობილი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი წერს:
„ლეონიდ სლუცკი, რომლიც ზიზღიც საქართველოს მიმართ ცნობილია, საკუთარ გამოსვლას იწყებს ღარიბაშვილის ქება-დიდებით და მადლობების გადახდით. შემდეგ გადადის უკრაინის განწირულობის ახსნასა და ევრაზიის კავშირის განდიდებაზე. როცა ერთ-ერთი რადიკალი შავრაზმელი რუსი პოლიტიკოსი ასე დითირამბებს გიმღერის, მგონი, პრობლემა გაქვს - არა?
კლიჩკოს გამოსვლა - კონფერენციის მიმდინარეობისას ყველაზე ხანგრძლივი ტაში;
ღარიბაშვილის გამოსვლა - სლუცკის მადლობა და ყრუ დუმილი“,– წერს კანდელაკი.
ცნობილია, რომ ლეონიდ სლუცკი, მართლაც, ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა საქართველოსადმი. ის აგრესიას არასდროს მალავდა საქართველოს პრეზიდენტის (2004–2013) მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მას ეკუთვნის ფრაზა:
"რუსეთს და საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობა არ გამოუვათ, ვიდრე ხელისუფლებაში სააკაშვილია";
ხოლო საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სლუცკის ტონიც შეიცვალა. მაგალითად, ევროსაბჭოში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, 2013 წელს, მან განაცხადა:
„გაირკვა, რომ ორ ქვეყანას შორის კონფრონტაცია ხელოვნურად იყო შექმნილი. აღარ არის მნიშვნელოვანი საუბარი რეზოლუციებსა და ტერმინებზე".