-
2014-01-31 12:33
ბათუმის სანაპიროებზე 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. აღნიშნულის შედეგად დაზიანდა სამაშველო საგუშაგო, ასევე იახტკლუბში გემების სამაგრები. ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკები კი ქვიშით არის დაფარული.
შტორმის შედეგად არ დაზარალებულა ბათუმის მოსახლეობა. ზღვის სანაპიროებზე ამ დროისათვის შტორმის სიმძლავრე 4 ბალს აღწევს.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით ღამით შტორმის სიმძლავრე მოიმატებს.
ამ დროისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვს. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. სინოპტიკოსების პროგნოზით აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი 2 თებერვლისთვის შეწყდება. პირველი თებერვლიდან კი ყინვა საგრძნობლად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, 2 თებერვალს კი - 15 გრადუსი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ქვეყნის აღნიშნულ ტრიტორიაზე ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხებეა დედაქალაქს, თოვლის გამო გასული ღამის განმავლობაში გზებზე ტექნიკური მარილი იყრებოდა. შედეგად უხვ ნალექს სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.
სინოპტიკოსების ცნობით 1-2 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 2 თებერვლიდან, აღნიშნულ რეგიონებში, ქარის სიჩქარემ, დროგამოშვებით, შეიძლება 30მ/წმ-ს გადააჭარბოს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის გავლით გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო, ხოლო კასპიის ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, რამაც ნალექები, მთასა და მაღალ მთაში თოვა გამოიწვია.