
პოლიციელის, პაატა თოდუას, გალის რაიონში გატაცების შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, აფხაზური მილიციის შეიარაღებული ნაწილი ენგურის ხიდის შუაში იყო გადმოსული , მათ თან ახლდათ კონტრდაზვერვის თანამშრომელი, ალექსანდრე კოლაგინი.
თოდუა სწორედ მათთან მოსალაპარაკებლად იყო მისული, თუმცა ის სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
მეორე ვერსიით, თოდუა ოჩამჩირეში მცხოვრებ მამას სოფელში ელოდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი იქ ყოფნის შესახებ სეპარატისტებმა შეტყობინება მიიღეს, რის შემდეგაც ის გაიტაცეს.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გუშინ საღამოს საათებში, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, ზუგდიდის რაიონიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი პაატა თოდუა გაიტაცეს.
ჩვენი ინფორმაციით, უკვე შედგა პირველი კონტაქტი გამტაცებლებსა და თიდუას ოჯახის წევრებს შორის. პოლიციელის გატაცება, წინასწარი ინფორმაციით, გამოსასყიდი თანხის მიღებას უკავშირდება.
პაატა თოდუა შს სამინისტროს მეორე სამმართველოს თანამშრომელია. „აფხაზეთის ხმამ“ ინფორმაცია შს სამინისტროში გადაამოწმა, თუმცა იქ მომხდარს არ ადასტურებენ.