-
2014-01-30 15:18
დღეს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოწმედ მიწვეულმა მალხაზ მურღულიამ, რომელიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის დროს მთავარი ეჭვმიტანილის, კუდ–ის აფხაზეთის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, აღიარა, რომ ხურჩაში სამგზავრო ავტობუსი მან ააფეთქა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რომან შამათავას სასამართლო პროცესი დაიწყო. ის 2008 წელს, ხურჩაში მომხდარი ინციდენტის დროს კუდ–ის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი იყო და ტერაქტის ხელოვნურად მოწყობაშია ეჭვმიტანილი. შამათავასთან ერთად დააკავეს კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც რომან შამათავას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემდეგ სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესზე მალხაზ მურღულიამ დაადასტურა, რომ 2008 წლის მაისში სამგზავრო ავტობუსს სწორედ მან ესროლა ჭურვი, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს რომან შამათავას დავალებით გააკეთა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, რომელიც დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, პროცესის დეტალებს აღწერს და კითხვებს სვამს:
„დღეს საქართველოს გმირის (და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი) რომა შამათავას სასამართლო პროცესი დაიწყო. ხურჩის ტერაქტის მოწყობას აბრალებენ, ანუ თითქოს რომა შამათავამ მოუწყო თავის ხალხს ტერაქტი და არა აფხაზებმა/რუსებმა. ამ საქმეში მხოლოდ რომაა დაკავებული, არის კიდევ ერთი ბრალდებული მალხაზ მურღულია, რომას მოადგილე იყო, ისიც ბრალდებულია, თუმცა მას გირაო აქვს შეფართებული და თავისუფლად დაიარება გარეთ.
დღეს როდესაც მოსამართლემ კითხა ბატონ მურღულიას ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედო, მურღულიამ უპასუხა კიო, მე ავაფეთქე ავტობუსი და რომა შამათავამ დამავალაო. ბატონმა მურღულიამ თავის თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენება მისცა რომა შამათავას წინააღმდეგ და დღეს როდესაც მოსამართლემ უთხრა რომ მას ემუქრებოდა 25 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა ტერორიზმის მუხლით და ასევე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (333-ე მუხლის მე-3 ნაწილით) 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ამაყად განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
მაქვს ორი ლეგიტიმური კითხვა საზოგადოებასთან:
1. თუ ბატონი მურღულია აღიარებს, რომ მან ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რატომ დადის ტერორისტი თავისუფლად დღეს და რატომ არ არის პატიმრობაში???
2. თუ ბატონ მურღულიას ტერორიზმის უმძიმესი მუხლი და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი აქვს შეფარდებული და თან აღიარებს, რატომ დადის გარეთ თავისუფლად, როდესაც ბაჩო ახალაია რომელსაც მხოლოდდამხოლოდ 333-ე მუხლის პირველი ნაწილი აქვს შეფარდებული, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს რატომ რჩება პატიმრობაში???“