-
2014-12-21 16:52
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ალეკო გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაცვის სამინისტროს განცხადება შეცდომა იყო, რომელსაც აღიარება სჭირდება და თავდაცვის მინისტრი ამას გააკეთებს.
"მე ქედს ვიხრი დაღუპულის წინაშე და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი და დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია თავდაცვის სამინისტროს განცხადების ფორმა.
"მინდა, პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს. მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ის მეც არ მომეწონა.
მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია,"-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა.
"თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა თქვენც გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეულნი. შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრი ამას გააკეთებს", - თქვა მან.