
თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჯარისკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩამოესვენებინა, უამინდობის გამო ერევანში დაჯდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები დაღუპულის მშობლებთან ერთად აეროპორტში რჩებოდნენ, სანამ ერევნიდან თბილისში ალეკო გრიგოლაშვილის ცხედრის ჩამოსვენება არ დაიგეგმა.
აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეიცვალა სხვა რეისების მიმართულებაც. მაგალითად თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთიდან მოფრინავდა, უამინდობის გამო ქალაქ ბაქოში დაჯდება.
თუმცა, თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 12:50 საათსა და 01:00 საათზე თბილისის აეროპორტში აქთაუს და კიევის რეისები დაჯდა. პრესსამსახურის განმარტებით, აქთაუს რეისი გადაიდო და ვებგვერდზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ფოტო(გოგა ხაჩიძე): თბილისის აეროპორტში მოქალაქეები ალეკო გრიგოლაშვილის ცხედრის ჩამოსვენებას ელოდნენ
"ტაბულას" მიხედვით