
"ჩემი თემის ქალები" - ამ სახელწოდებით, ორგანიზაცია "ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა“ ფოტოგამოფენას გამართავს. ფოტოგამოფენა ხვალ, 16:00 საათზე ევროპის სახლში გაიმართება.
ფოტო-გამოფენის თემატიკაა საქართველოს იეზიდი და ბოშა ქალები, ერაყის იეზიდი ქალები. მასზე წარმოდგენილია, პროექტში მონაწილე ბოშა და იეზიდი ქალების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც ასახავენ მათი თვალით დანახულ პრობლემებს.
პროექტი „ჩემი თემის ქალები“ მიზნად ისახავს სათემო ცხოვრებაში, ეზიდი და ბოშა ქალების გააზრებული მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და იმ პრაქტიკული უნარების გადაცემას, რომლებიც მათ საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვაში დაეხმარება. საქართველოში მცხოვრები ბოშა და იეზიდი ქალებისათვის, მსგავსი ფორმატის პროექტი პირველად განხორციელდა.
ორგანიზაციამ "ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა", პროექტი „ჩემი თემის ქალები“ განახორციელა ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ხელშეწყობით, “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.
ფოტო-გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მედია მაუწყებლობებიდან, საელჩოებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ორგანიზაცია "ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა", მომავალშიც გეგმავს მსგავსი ფორმატის პროექტების განხორციელებას და იმედოვნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან, ხელშეწყობასა და გვერდში დგომას.