
გუშინ დილით ყვარელში მძიმედ დაჭრილი დეტექტივ-გამომძიებელი გელა ფიცხელაური გარდაიცვალა.
მას მკვლელი სადარბაზოში ჩაუსაფრდა და გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა. მძიმედ დაჭრილმა პოლიციელმა, რომელსაც მსხვილი საფანტით მიყენებული ყველა ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა, ძალა მოიკრიბა და ცოლს დაურეკა, - მიშველეო.
მკვლელი 1986 წელს დაბადებული ილია სეფაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გელა ფიცხელააური სიკვდილს საოპერაციო მაგიდაზე დილამდე ებრძოდა...
ზურაბ ჩხაიძე, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:
- გელა ფიცხელაურის სიკვდილს ნამდვილად მთელი ყვარელი გლოვობს, - აქ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გელასაგან არადამიანური საქციელი ან თუნდაც პირადი შეურაცხყოფა ახსოვდეს. გელას ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა და ყველა გაკვირვებულია მას რა უნდა გაეკეთებნა ისეთი, რომ მოეკლათ....
- თუმცა, მისმა სიკვდილმა ხალხს ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია გაახსენა, სადაც წერდნენ, რომ გარდაცვლილი პოლიციელი გარეული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობაში, რომ მას ლევან სამხარაულის მკვლელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მან "დაავერბოვკა..."
- სენსაციების მაძიებელი მედიის დაინტერესება გამოგონილი სკანდალური ფაქტებით ძნელი როდია. როგორც მე ვიცი, გელამ იცოდა, ვინ შეუკვეთა ეს წერილი გაზეთს, მაგრამ არ ამბობდა, - არ ღირს ამაზე გამოკიდებაო... მაგრამ გელა ლევან სამხარულის მკვლელობის დამგეგმავი და მომზადებელი კაცი ვერ იქნებოდა; მისგან ეს შეუძლებელი იყო...
რეზო ღელაღუტაშვილი: ყვარლის მცხოვრები:
- მკვლელი უცხოეთში წასვლამდე აქ პატარ-პატარა სამუშაოებზე მუშაობდა. მერე 3 წელიწადი ინგლისში იყო, ჩამოვიდა და კაცი მოკლა. თანაც, რანაირად?! - სანადირო თოფი იშოვა, გადაჭრა, რათა უბეში დაემალა, აბა, კაცის მოსაკლავად "პადიეზდში" მთელი დღე სანადირო თოფით ხომ არ იდგებოდა... ესე იგი, კარგად მოემზადა... რაც არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ როგორ შეძლო, კაცს ჰკლავდა, წიწილს ხომ, არა?!
ყვარელში ხალხი ლაპარაკობს, გელა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. თუმცა, ჩემი ფიქრით, გამორიცხული არ არის, რომ ესეც ისევე იყოს მოწყობილი, როგორც თავის დროზე სამხარაულის მოკვლას "ტენიდნენ"...
კეთილისმყოფელი კაცს საზღვარგარეთ მყოფს არასოდეს დაურეკავს, - ჩამოდი, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო; გელას მკვლელს კი ალბათ ურეკავდნენ და მეთოდურად აგიჟებდნენ. სხვანაირად ასე საგანგებოდ ვერ მოემზადებოდა მკვლელობისთვის, - კაცი მოკლა და მეორე დღეს უკვე საზღვარგარეთ გარბოდა. ესე იგი, გელას მოკვლა დიდი ხანია უნდოდა ვიღაცას.
ის პოლიციელი იყო და გამორიცხული რატომ არის, რომ ისეთი ინფორმაცია ჰქონოდა, რომლის დაფარვა ვიღაცის ინტერესში შედიოდა?!
kvirispalitra.ge