
ირანში, ქალაქ ნურში, მაზენდარანის პროვინციაში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: მოედანზე სიკვდილით დასჯის (ჩამოხრჩობის) სანახავად მისულმა ადამიანებმა სულ სხვა სურათი იხილეს.
ბალალი უნდა ჩამოეხრჩოთ, თუმცა, ბოლო წუთს ბალალის მიერ მოკლული აბდულის დედამ ისარგებლა დაზარალებული ოჯახის უფლებით, შეცვალოს სიკვდილით დასჯა. მან აღმასრულებლები შეაჩერა, ბალალს სილა გააწნა და შეუნდო, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სიკვდილმისჯილს ყელზე ყულფი შეხსნეს.
დაზარალებულ ოჯახს სიკვდილით დასჯის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მკვლელს დანაშაულს შეუნდობს. მოკლულის დედის ამგვარი საქციელი თანაბრად მისაღები აღმოჩნდა, როგორც აღმასრულებლებისთვის, ასევე ბალალის ნათესავებისთვის.
ფოტოებში ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ისინი დაჩოქილი უხდიან მადლობას მოკლულის მამას, სხვა ფოტოზე კი მოკლულისა და მკვლელის დედები ერთად ტირიან. ბალალს სიკვდილით დასჯა შეუცვალეს, თუმცა, ციხეში წლების გატარება მაინც მოუწევს - მისი სრულად გათავისუფლება არც დაზარალებულ ოჯახს შეუძლია.
ici.ge-ს მიხედვით