-
2014-11-11 15:45
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრას აღწერს.
ღვინჯილია ყვება, რომ მან ექსპერმიერისთვის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე გასაუბრება გადაწყვიტა, თუმცა ივანიშვილმა მას არ უპასუხა და საკუთარ გადაცემაში დაპატიჟებას დაჰპირდა.
"ბიძინა ივანიშვილი: "მანამდე ევროპასთან საუბარი მაცალეთ!"
გუშინ დიდი ქართველ კინომსახიობ გურამ ფირცხალავასთან გამოსათხოვებლად დიდუბის ეკლესიაში მობრძანებულ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი (და არა – პირადული!) საკითხის შესახებ რამდენიმე წინადადების თქმა დავაპირე, რაზეც ბატონმა ბიძინამ ღიმილიანი სახით მომიგო: "ჩემს ტელეგადაცემაში მოგიწვევ და იქ ვისაუბროთ ამ საკითხებზეო."
ჯერ მომეჩვენა, რომ იხუმრა, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, რატომაც არა?... ისე, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ეთქვა: "იქნებ ერთ–ერთი წამყვანის (თურმე რამდენიმე წამყვანი ეყოლება, როგორც ტელეინტერვიუში ბრძანა) ამპლუაში დამიჯდე გვერდითო მე შენ გეტყვი და, გამოცდილება არ მაქვს, თუ, მოქმედი ჟურნალისტების ფონზე, პროფესიონალიზმი დამაკლდება?! – ვისაც ტრაბახად მოგეჩვენათ, ბოდიშს გიხდით, გვიყვარს ქართველებს ტრაბახი, ესპანურად რომ "მუშაობას" ნიშნავს ).
გარდა იმისა, რომ საკმაოდ სარფიან ანაზღაურებას გამოვკრავდი ხელს (ამ მხრივ ბიძინას არაფერი არ ეშლება არავისთან!!!), თვით გადაცემაშიც ბევრი რამ სხვა მხრივაც საინტერესო იქნებოდა (ჯერ არ დავაზუსტებ: რა და რატომ, ან როგორ!)...
რა ვიცი? იქნება არც უხუმრია, მაგრამ მე ის მაეჭვებს, რომ მსგავსი შეპირება ამ სამიოდე წლის წინაც იყო: "ქართული ოცნების" ოფისში სახელმწიფო ენის პრობლემებზე მოხსენება მქონდა, რომლის არსებითი ნაწილი მოგვიანებით კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აისახა (ის ტექსტი ჩემი დაწერილია!!!).
მოხსენებას "ოცნების" მთელი აქტივი ესწრებოდა. მე ზოგიერთი პარტიული ლიდერი, კოალიციის წევრი, ანონიმურად გავაკრიტიკე და სხვა მხრივაც მოხსენებაც საკმაოდ მწვავე იყო.
სხდომის დასასრულს, პირად საუბარში, ბატონმა ბიძინამ მითხრა (ამას კიდევ რამდენიმე კაცი ისმენდა) : "მე ყველა ის პირი გავშიფრე, ვინც თქვენ არ დაასახელეთ, მაგრამ იგულისხმეთ. ძირითადად ყველაფერში გეთანხმებით. როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, მე და თქვენ ამ საკითხებს (ეს დიდად მნიშვნელოვანი ეროვნული თემაა), ძალიან ღრმად და საფუძვლიანად ჩავუჯდეთ, მანამდე კი ევროპასთან საუბარი მაცალე"–ო!!!
მე მას დავუჯერე (ანუ, "ევროპასთან საუბარი ვაცალე", თუმცა არ ვიცი, ანკი როგორ არ უნდა "მეცლია"?);
კოალიციამ ხელისუფლება გადაიბარა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერი გახდა. დამტკიცების დღეს პარლამენტის სხდომაზე მან სახელმწიფო ენის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საარჩევნი პროგრამის საფუძველზე.
მაგრამ პოსტი ისე დატოვა, რომ პრაქტიკულად ამ თემას მერე აღარ მიბრუნებია...
ამჟამინდელმა პრემიერმაც (გუშინდელ ჩემს მცდელობას ბატონ ბიძინასთან გასაუბრებისას ისიც ესწრებოდა და, აგრეთვე, კულტურის მინისტრიც, რომლებზეც ბიძინამ თქვა, კარგია, რომ ესენიც გვესწრებიანო და კიდევ რამდენიმე წინადადება დააყოლა, რასაც ახლა არ ვიტყვი.) პარლამენტში დამტკიცების დროს სახელმწიფო ენის შესახებ დაახლოებით იგივე ტექსტი გაიმეორა, რაც მისმა წინამორბედმა, მაგრამ.....
დღეს ამ საკითხზე პარლამენტის უმრავლესობის წევრებმაც იმსჯელეს, მაგრამ, რატომღაც, პრესა გასუსულია....ის კი თქვეს, ბიუროს ოთახში შეიკეტნენო და სახელმწიფო ენის სტატუსზე უნდა იმსჯელონო ( "მოამბე", 16.00), მაგრამ რა იმსჯელეს, ამით არ დაინტერესებულან. არც მიკვირს!
მე კი ვზივარ სახლში უსაქმურად და ველოდები ბიძინა ივანიშვილის მიწვევას მის საავტორო ტელეგადაცემაში: წამყვანის თუ არა, სტუმრის სტატუსით მაინც.
აბა რა ვქნა? სახელმწიფო ენის ბედით ჯერ ჩვენი ტელეწამყვანების "ბრწყინვალე კოჰორტა" ვერ დავაინტერესე. ამისთვის არ სცალიათ...
ერთი გადამდგარი მინისტრის სიტყვები გამახსენდა (ტელევიზიით გადაცემული ფარული ჩანაწერიდან): "მე რა ვაქნა, მე????????“- წერს "ფეისბუქში" ლევან ღვინჯილია.