
გამოცემა „ნოვი რეგიონის“ კორესპონდენტი იური ზვეზდინი წერს, რომ სევასტოპოლში, ყირიმის ორ აეროპორტში ხელისუფლების მაღალი პირებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს ასაფრენი ზოლი გაუთავისუფლეს.
ამავე წყაროს ცნობით, იმ პილოტებს, რომლებსაც უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს მაღალჩინოსნები გადაჰყავთ, სპეციალური საიდუმლო ბრძანებით „მზადყოფნა №1“ გამოუცხადეს და კაბინებში მორიგეობა უბრძანეს.
კორესპონდენტის ცნობით, ასეთი სიტუაცია საკასა და ბელბეკის აეროპორტებში დღეს დილიდანაა შექმნილი.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს ღონისძიებები კიევში მოვლენების არაპროგნოზირებადი სცენარით განვითარების შესაძლებლობას უკავშირდებოდეს იმ შემთხვევისთვის, თუ დემონსტრანტები უკრაინის აეროპორტების ბლოკირებას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კრეშატნიკზე, კიევის მთავარ ქუჩაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებების ყველა შენობას აჯანყებულები აკონტროლებენ.