-
2014-11-10 13:36
„საქინფორმის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სკანდალურ ვერსიას მკითხველს რუსულ ენაზე სთავაზობს და წერს, რომ ღარიბაშვილმა ალასანიას გადაყენებით სულ მცირედით დაასწრო სახელმწიფო გადატრიალებას, რომელსაც აშშ, სააკაშვილი და ალასანია აწყობდნენ.
არნო ხიდირბეგიშვილის ვერსიით, 15 ნოემბერს, 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში „მაიდანს“ იწყებდა, რომელიც ღამით „არაბულ შემოდგომაში“ უნდა გადაზრდილიყო. ნაცმოძრაობის აქციის შემდეგ, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზრდებოდა, ალასანია ღამით განგაშს გამოაცხადებდა ვაზიანისა და კრწანისის ბაზებზე, რომლებიც, „საქინფორმის“ შეფის თქმით, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი და ავღანეთგამოვლილი ქართველი ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული.
ხიდირბეგიშვილი წერს, რომ მეორე დღეს, 16 ნოემბერს ვაზიანისა და ალექსეევკას სამხედრო აეროდრომებზე დაეშვებოდა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, ბორტზე ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც დაეხმარებოდნენ ირაკლი ალასანიას, რომელიც დროებით აიღებდა ხელში სამხედრო ძალაუფლებას, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების შენარჩუნებასა და წესრიგის დამყარებაში. ამერიკელი სამხედროების ჩამოფრენის ფორმალური მიზეზი კი აშშ-ის საელჩოს შენობის დაცვა იქნებოდა.
არნო ხიდირბეგიშვილის ვერსიით, სწორედ ამ გადატრიალების დეტალების შესათანხმებლად იყო წასული აშშ-ში ვიზიტით გაერთიანებული სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიაორი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც პენტაგონის მთელი შემადგენლობა ელოდა.
"აფხაზეთის ხმა" შეგახსენებთ, რომ კაპანაძე უკვე დაბრუნდა აშშ-დან, ის თანამდებობაზე რჩება და აცხადებს, რომ ახალ მინისტრთან თანამშრომლობას გააგრძელებს.