
ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრმა ვიტალი იარემამ ცოტა ხნის წინ ეროვნული წინააღმდეგობის შტაბში ჟურნალისტებს იმ საბრძოლო ხელყუმბარების ფოტოები წარუდგინა, რომლებიც უკრაინის შსს–მ რუსეთიდან მიიღო.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსული წარმოების ეს ყუმბარები, შესაძლოა, პირველივე შეტაკებისას გამოიყენონ კიევში, დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მან იმის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინა, რომ საბრძოლო ყუმბარები ნამდვილად რუსეთიდან მიიღეს.
„ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ყუმბარები "Факел -С ", " Заря- 2", " Пламя -М " და სხვები. არ ვიცით, რა არის ამ ხელყუმბარების შიგთავსში, შესაძლებელია, ეს იყოს ნერვული სისტემის პარალიზებისთვის განკუთვნილი გაზი“, – თქვა იარემამ.