-
2014-11-04 11:00
თავდაცვის მინისტრის მოდგილე ალექსი ბატიაშვილის ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, ალექსი ბატიაშვილს დაკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია.
ამის შესახებ მან პროკურატურაში მინისტრის მოადგილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომელიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„დაკითხვა საოცარი დარღვევებით წარიმართა. ვერ ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვისას, როდესაც ბატონი ალექსი დასმულ კითხვებს პასუხს სცემდა, გამომძიებელ ფუტკარაძეს ეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც ჩვენ პროტესტი დავაფიქსირეთ.
როდესაც დაკითხვა დასრულდა, დაკითხვის ოქმი წარმოგვიდგინეს და საოცრება მოხდა. ოქმში ბატონი ალექსის მიერ ნათქვამი პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული, უმრავლესობა საერთოდ იქნა ამოღებული და დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნულ ოქმს ჩვენ ვაპროტესტებდით, რაზეც გამომძიებელმა გვითხრა, ერთი წუთით მოიცადეთო, მეორე დაკითხვის ოქმს წარმოგიდგენთო. წარმოგვიდგინა უფრო სახეშეცვლილი ოქმი, სადაც დაკითხვის მიმდინარეობა სრულფასოვნად ასახული არ იყო.
ჩვენ კანონით მონიჭებული უფლებით ვისარგებლეთ, გავაკეთეთ შენიშვნა და აღვნიშნეთ, რომ ბატონი ალექსი დაკითხვის ოქმში მოყვანილ ფაქტებს არ იზიარებდა, შესაბამისად, მის სიზუსტეს ხელს ვერ მოაწერდა“, - განაცხადა ადვოკატმა.