-
2014-11-04 04:59
ეკა ღლონტი მეოთხე ადამიანია, რომელიც 3 ნოემბერს ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ეკა ღლონტის მეუღლე გიორგი ტყეშელაშვილი, შვილი ანასტასია და მამამთილი ავარიის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ეკა ღლონტი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღისით მოხდა: დასავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მძიმე დაზიანებები მიიღეს კიდევ ერთმა მცირეწლოვანმა ბავშვმა და მისმა ბებიამ - ეკა ღლონტის დედამთილმა, რომლებიც ასევე, მანქანაში იმყოფებოდნენ. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ეკა ღლონტს, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა, მეგობრები "ფეისბუქზე" დაემშვიდობნენ:
"ჩვენო მეგობარო, სისხლი გაგვიყინე, გული გაგვიჩერე, ძვლები აგვატკინე, ეკა, შენი და შენი ოჯახის უბედურებით.
არ მჯერა, რომ ამ წამს შენი გული გაჩერდა. გული, რომელიც ასე სავსე იყო სიხარულით, სიკეთით, იწვოდა ვნებებით, ბრაზით, თუხთუხებდა სიყვარულით; არ მჯერა, რომ შენი ტკბილი ბაგენი დაიხურება სამუდამოდ, რომელიც ასე ხშირად იღიმებოდა, წარმოთქვამდა თბილ და ტკბილ სიტყვებს არა მარტო მეგობრებისთვის. არ მჯერა, რომ ჩამოეშვება, ჩამოეშვება, შენი ხელები, მუდამ მზად რომ იყვნენ მოსაფერებლად.
ჩვენო მეგობარო, ვერაფერით დაგეხმრეთ! შენც დაგვტოვე და გაფრინდი შენს მეუღლესთან და პატარა ანგელოსთან ერთად.
ჩვენთვის ტკივილი ხარ, მოუშუშებელი ჭრილობა. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია. გეამბორებით, უკანასკნელად გეამბორებით ჩვემო ტკბილო მეგობარო და თანაკლასელო".