
ჟურნალისტების ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ პატარა ბიჭი, ნიკოლოზი გაჩნდა.
როგორც ნინო ხაჟომია აცხადებს, ბავშვის მოყვანის შემდეგ ცხოვრება თავდაყირა დადგა.
„ახლა ჩვენ გვყავს ახალი შვილი, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი. 2003 წლიდან ვიყავით ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში.
მოლოდინი აღარ ერქვა იმ რეჟიმს, რომელიც გვქონდა. როცა დაგვირეკეს, გასაშვილებელი ბავშვი გამოჩნდა, ოღონდ ჯერ უნდა ნახოთო, მეგონა, „კომედი შოუს“ ბიჭები მირეკავდნენ და მეღადავებოდნენ. როცა მივხვდი, რომ ხუმრობა არ იყო, მეორე დღესვე წავედი მის სანახავად.
მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი, რას გავაკეთებ 40 წლის ასაკში. თურმე, რასაც მეტს ფიქრობ, მეტად „იგრუზები“. ქალი ხარ და შვილი გინდა? მოიყვანე, გაზარდე, გამორიცხულია არ გეყოს სიყვარული პატარა ადამიანისთვის. მაინცდამაინც ჩემს მუცელში უნდა ყოფილიყო და გენეტიკაზე მეფიქრა?
მაქვს საშუალება გავზარდო, მიყვარდეს, გზაზე დავაყენო და რატომ არა? ნიკას სანახავად აკაკი და ჩემი მეგობარი გამომყვნენ. ისე ვენრვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი. დანახულიც არ მყავდა და უკვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იყო. რამდენიმე თვეა, ნიკოლოზი ჩვენთან ცხოვრობს, უკვე 19 თვისაა.
ისეთი ხასიათი აქვს, სულ მოძრაობს, მოუსვენარია. კარგი ტიპია, „ტურტლესა“ დავარქვი მეტსახელად, ისე ჰგავს კუ ნინძას პერსონაჟს. ხასიათით ზუსტად ჩემნაირია. ჰობი აქვს იცით რა? - მანქანები. როცა ვერ ვაჩერებ, გარეთ გამომყავს და მანქანის საჭესთან ვსვამ.
საბასაც ჩემი ხასიათი აქვს, გარეგნობით ჰგავს მამას. 26 წლის ვიყავი როცა საბა გავაჩინე. საბამ იცოდა ბავშვი რომ უნდა აგვეყვანა, მაგრამ რომ მოვიყვანეთ ნიკოლოზი, ცოტა იეჭვიანა“, -აცხადებს ნინო ხაჟომია.
„თბილისელები“