-
2014-01-23 22:32
სნაიპერი, რომელიც კიევში დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის, რუსი ეროვნების დაქირავებული მკვლელია, რომელმაც, შესაძლოა, დღეს ბერკუტელს ესროლოს, რაც კიევში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდება.
ევრომაიდნელ აქტივისტებში, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში აქტიური ეს ვერსია დღეს კიევში რამდენიმე ფაქტმა გაამყარა: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერებთან მივიდა ძველი სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც ლიდერები სწორედ ამ სცენარის შესახებ გააფრთხილა.
ამასთან, დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მოვლენების ამგვარად განვითარება იწინასწარმეტყველა ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრმა დიროვმა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, კიევში სნაიპერმა დღეს ბერკუტელი ან შინაგანი ჯარის წარმომადგენელი მოკლას, რაც გახდება საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ზომების გატარების წინაპირობა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ სიტუაციის შექმნისა და მომწიფების მიზნით აიხსნება ის ფაქტიც, რომ პრორუსულ ფორუმებზე, მათ შორის, „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებლებშიც, უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც თითქოსდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დემონსტრანტები არიან გამოსახულნი. სინამდვილეში, ფოტოების დასამუშავებლად გამოყენებულია ეფექტებისა და ფოტომონტაჟის სპეციალური პროგრამები.
მომზადებულია censor.net.ua-ზე დაყრდნობით, ლაშა ბერულავას მიერ