-
2014-01-23 15:11
დაღესტანში ФСБ–ს მიერ დაგეგმლი და სრული კრახით დასრულებული ოპერაციის შედეგად 750 კგ მასის ასაფეთქებელი ნივთიერებები, შესაძლოა, უკვე სოჭშიც კი იყოს – ის დაღესტნელმა მოჯაჰედებმა ჩაიგდეს ხელში.
სკანდალურ სტატიას „კავკაზცენტრი“ აქვეყნებს და დაღესტანში ФСБ–ს მიერ დაგეგმილი ოპერაციის შესახებ დეტალებზე წერს. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის წყარო აბსოლუტურად სანდოა:
ФСБ–მ ოპერაცია „კონტროლირებადი გაყიდვა“ შემდეგნაირად ჩაატარა: თავიანთი კონსპირაციული აგენტების მეშვეობით უწყება დაუკავშირდა რამდენიმე დაღესტნელ მოჯაჰედს და შეუთანხმდა მათ, რომ მიჰყიდდა ასაფეთქებელ ნივთიერებსა და მოწყობილობებს, საერთო ჯამში, 750 კგ–ს.
ფასზე „შეთანხმების“ შემდეგ ФСБ–ს აგენტებმა წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, 2013 წლის 27 დეკემბერს, დაღესტნის ყიზლარის რაიონში, უკაცრიელ ადგილას ავტომანქანა „გაზელი“ დატოვეს, რომელშიც 30 ტომარაში გადანაწილებული ასაფეთქებელი ნივთიერები იყო გადანაწილებული.
გამოცემის მიხედვით, ტომრებში წერტილოვანი გადამცემები, ე. წ. „ჟუჩოკები“ იყო ჩამონტაჟებული, რომლებიც მიმღებს ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ოპერაციის მიზანი დაღესტანში მოჯაჰედების ბაზის აღმოჩენა და მათი განადგურება იყო – გეგმის მიხედვით, ასაფეთქებელ ნივთიერებებში ჩამონტაჟებული „ჟუჩოკების“ ბოლო „ციმციმს“ სწორედ მათი ბაზა უნდა ეჩვენებინა.
იმის გამო, რომ უნდობლობა არ გამოეწვიათ (და, ალბათ, საკუთარი თავიც არ ჩაეგდოთ საფრთხეში), ФСБ–ს წარმომადგენლებმა მანქანა ვირტუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს და მთლიანად მიენდნენ „ჟუჩოკების“ მონაცემებს.
29 დეკემბერს ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა ФСБ–ს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, გაეგოთ, რა ხდებოდა, რადგან ციმციმი მიმღებზე აჩვენებდა, რომ „გაზელი“ და ტვირთი იმავე ადგილზე იმყოფება, რაც წარმოუდგენელი იყო. შემთხვევის ადგილზე გასულმა მზვერავებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანა ადგილზეა, მაგრამ ტვირთი გაქრა: როგორც გაირკვა, მოჯაჰედები „გაზელთან“ მივიდნენ, სხვა ტომრებში გადატვირთეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაუდგენელი მიმართულებით წაიღეს, ხოლო „ჟუჩოკები“ დაცარიელებულ „გაზელშივე“ დატოვეს...
სავარაუდოდ, ეს მაშინვე მოხდა, როცა ФСБ–მ „გაზელი“ ტყის პირას დატოვა. ამის შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილმა შეფებმა 29 დეკემბრის დილის 5 საათზე სპეცდანაყოფები განგაშის სიგნალზე შეკრიბეს და დიკლით გამოაცხადეს „გადაუდებელი აუცილებლობის გამო“ ყიზლარის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დაწყების შესახებ, თუმცა, სახლების ჩხრეკამ და საეჭვო პირების დაკავებამ შედეგი ვერ გამოიღო – გამქრალი ასაფეთებელი ნივთიერებების კვალს ვერსად მიაგნეს.
ამ უნიათო, სრული კრახით დამთავრებული ოპერაციის შემდეგ მოჯაჰედებმა ხელთ იგდეს იმ ნივთიერებების დიდი მასა, რითაც უამრავი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება შეიძლება.
„კავკაზცენტრს“ მოჰყავს ამ ფაქტის შემდეგ მომხდარი აფეთქებების ქრონოლოგიაც:
29 დეკემბერს, 12:45 წუთზე გავრცელდა ინფორმაცია ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შესახებ;
30 დეკემბერს ვოლგოგრადში მეორე აფეთქება მოხდა – ამჯერად ტროლეიბუსში;
31 დეკემბერს ხაზვიურტის რაიონში მილიციის „უაზი“ ააფეთქეს;
4 იანვარს აფეთქდა მაღაზია „აკბარ“;
6 იანვარს უცნობმა პირებმა ყიზლარში დაჯავშნული „კამაზი“ ააფეთქეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომიმართვამ, სადაც ორი ახალგაზრდა სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჯიჰადით ემუქრება, გააჩინა ვერსია, რომელზეც ФСБ და სხვა რუსი ძალოვნები აქტიურად მუშაობენ: გამორიცხული არაა, ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან დამზადებული მოწყობილობების ნაწილი უკვე სოჭშიც იყოს...
მომზადებულია „კავკაზცენტრის“ სტატიაზე დაყრდნობით, ლაშა ბერულავას მიერ.