-
2014-01-23 13:28
ოზურგეთში ცოტა ხნის მომხდარი „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების დროს საპატრულო პოლიციის მანქანა ახლოს იდგა, მაგრამ პროცესებში არ ჩარეულა.
ინფორმაციას სტატიაში „ყაჩაღებმა პოლიციელები შემთხვევის ადგილიდან გამოაძევეს“ – „გურიის მოამბე“ ავრცელებს და წერს, რომ გამოძიების ეს სკანდალური დეტალები სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების შემდეგ გახდა ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, კადრებში ჩანს, რომ როცა ყაჩაღები ფულის გატაცების მიზნით „ლუკოილის“ თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, იქვე ახლოს საპატრულო პოლიციის მანქანა იდგა.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტში ჩაურევლობის მიზეზი პოლიციელებმა პრივატულ საუბარში განმარტეს. მათი თქმით, ამის მიზეზი ძალთა არათანაბარი განლაგება იყო, რადგან სამი პოლიციელიდან მხოლოდ ერთი იყო შეიარაღებული, თავდამსხმელებს კი ორი ავტომატი ჰქონდათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმა“ შსს–ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც გვაცნობეს, რომ აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლები ყაჩაღობის ფაქტს შეესწრნენ და არ ჩაერივნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ოზურგეთში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს: თავდამსხმელებმა თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სკოჩით ხელ–ფეხი შეუკრეს.