
ძალადობისა და შიშველი სცენების არსებობის გამო ბევრმა ქართველმა მსახიობმა (ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც) ამ ფილმში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
ქართულ–ამერიკული ფილმი ,,Landmine Goes Click” ,რომლის ქართული სახელწოდებაა ,,ნაღმი“ კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა.
ფილმის რეჟისორი ლევან ბახიაა, სცენარიას ავტორი კი კანადელი ადრიან კოლუსი. ფილმის ბიუჯეტი 700 ათასი დოლარია და ის, ძირითადად, საზღვარგარეთ გაიყიდება.
რაც შეეხება თავად ფილმის შინაარსს– ქართულ–ამერიკული თრილერის სიუჟეტი საქართველოში ვითარდება. სამი ამერიკელი ტურისტი საქართველოში ჩამოდის, თუმცა ერთ–ერთი მათგანი ლაშქრობისას ნაღმზე აბიჯებს, ნაღმი კი შესაძლოა აფეთქდეს, თუ ტურისტი, სახელად კრისი ნაბიჯს გადადგამს.
ერთი მეგობარი (დენიელი) მაშველების მოსაყვანად ქალაქში მიდის , მეორე(ალისია) კი ტყეში მეგობართან რჩება.
ამ დროს მათ მონადირე გადაეყრება , რომლის როლსაც ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს. მონადირე ილია დახმარების ნაცვლად მეგობართან დარჩენილ ალისიაზე ძალადობს და ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება.
როგორც ჩვენ გვითხრეს, მონადირე ილიას როლის შესრულებაზე ბევრმა ქართველმა მსახიობმა უარი თქვა, როლის სითამამისა და სირთულის გამო. ასევე ქართველი მსახიობები არ დათანხმდნენ ალისიას როლის თამაშს , რომელზეც მონადირე ძალადობს.
ფილმში საკმაოდ ტრაგიკულ პერსონას თამაშობს 14 წლის მსახიობი ელენე ბეზარაშვილი. ელენე რამდენიმე ფილმში უკვე არის გადაღებული, თუმცა მას ასეთი რთული როლის შესრულებამ პირველად მოუწია. როგორც მასთან ფილმის გადაღების პროცესში მომუშავე ადამიანები ამბობენ, უნიჭიერესმა გოგონამ შესანიშნავად გაართვა თავი ურთულესი როლის შესრულებას. ფილმში ასევე მონაწილეობენ ნანა კიკნაძე და გიორგი ცაავა.
ფილმში სამი ტურისტის როლს ამერიკელი მსახიობები თამაშობენ , რომლებსაც ქართველი მაყურებელი ამერიკული სერიალებიდან იცნობს და საქართველოში ჩამოსულ მსახიობებს აქ ფანებიც აღმოაჩნდათ, მათთან შეხვედრა ,,სარკე სტუდიის“ ორგანიზებით გაიმართა.
ფილმის გადაღება ბირთვისსა და გურიაში მიმდინარეობდა. გადაღების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შესაძლებელია ფილმისთვის შექმნილ სპეციალურ ფეისბუქგვერდზე ,,thelandmine”.
ფილმის პრემიერა თბილისში 23 ოქტომბერს გაიმართება.