
სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაზიანდა კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე დაპირისპირების დროს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ჩამონათვალსაც აქვეყნებს.
19-20 იანვარს, გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და მილიციელებს შორის დაპირისპირების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ „მე-5 არხის“, „1+1“, „СТБ“, „ІСTV“, „Спільнобачення“, „24-ე არხის“, გაზეთ „ვესტის“, „LB.ua“-ს ჟურნალისტები.
მათი უმრავლესობა ხმოვან-მანათობელი ყუმბარების აფეთქებისას დაზიანდა, სამართალდამცველების მიერ გამოყენებული ტრავმატული იარაღიდან დაიჭრა ან მილიციელებმა სცემეს.
20 იანვარს სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებმა ფოტოკორესპონდენტი მაქს ლევინი სცემეს, დღეს კი ტრავმატული იარაღიდან დაიჭრა ჟურნალისტი ნატალია პისნია.
დაზიანებულ ჟურნალისტებს შორის არიან რუსული მედიის წარმომადგენლებიც: ევგენი ფელდმანი და დიმიტრი სურინი.
მილიციამ რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა კიდეც, მაგალითად, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს, თითქოს ისინი „მილიციელების მისამართით აკრძალულ ნივთებს ისროდნენ“, ხოლო კიდევ ერთ ჟურნალისტს მილიციელებმა ზურგზე დაკრული სტიკერი „პრესა“ აახიეს და მანქანისკენ წაათრიეს, რის გამოც ჟურნალისტმა ქვედა კიდურის მოტეხილობა მიიღო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ 24 ჟურნალისტი დაზარალდა.