
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაგრის რაიონის სიღრმეში ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადმოწევის შესახებ.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ნათქვამია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში 11კმ-თი გადმოწევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავხედური ქმედება წარმოადგენს რუსული ოკუპაციის გაგრძელების და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის შეუწყნარებელ ფაქტს.
მნიშვნელოვანწილად, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მაამებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკით რუსეთის მიმართ, რაც, მათ შორის, გამოიხატა საქართაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიების ოკუოპაციის საკითხის აქტუალიზაციაზე ხელის აღებაში და „რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს გამო წინააღდეგობის შემცირების“ მავნებლური კონცეფციის ცხოვრებაში გატარებაში.
ჩვენ არაერთგზის გავაფრთხილეთ დღევანდელი მთავრობა რომ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებდა სოჭის ოლიმპიადას საქართველოს ტერიტორიების ოკუოპაციის და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად ამისა, მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნება“ დაკავებულია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის დაქვეითებით.
ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკულად ყველა ლიდერმა მიიღო სოჭის ოლიმპიადაზე არჩასვლის გადაწყვეტილება - სოჭის ოლიმპიადის პოლიტიკურ დონეზე ბოიკოტი უკვე შემდგარი ფაქტია. სწორედ საქართველოს დღევანდელი მთავრობის მცდარი და უაღრესად საზიანო საქმიანობის შედეგია ის, რომ ოლიმპიადაზე არჩასვლის მიზეზებს შორის, დასავლეთის ლიდერები არ ასახელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდას.
დაოა, რომ ეს რეალობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკური კრახი. მეტიც, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში სახეზეა საქართველოს საკითხის თანდათანობითი დაქვეითება, რამაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს“.