-
2014-01-20 17:12
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ „იქ რაღაც სხვა მოხდა და არა ის, რაც საზოგადოებისთვის ამ დრომდე იყო ცნობილი“.
ამის შესახებ განცხადება მამუკა არეშიძემ, რომელიც, ამავდროულად, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის წევრიცაა, დღეს, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, დასკვნა ყველასთვის მოულოდნელი იქნება და ამ საქმის გახსნა ბევრ ვინმეს, მათ შორის ჩეჩნებსაც არ აძლევთ ხელს:
„კუდ–ის ხელმძღვანელობამ, თავმჯდომარემაც და მისმა მოადგილემაც, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ ლილუაშვილი საქართველოს მტერია, ობიექტურად, 28-ში დილით გაიგეს, რომ იქ რაღაც მოხდა, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ამირიძე კი საერთოდ შვებულებაში იყო.
ლოგიკაში ასე გამოდის, რომ ის ოპერაცია, რომელიც იქ მოხდა, იმ დღეს, 28–ში დილით იყო მოულოდნელი ძალიან ბევრისთვის და იქ სხვა რამ მოხდა. მე შემიძლია, ერთი დეტალი გითხრათ: ჩეჩენი მეომრები ალყაში არ ყოფილან, ისინი იყვნენ სამი მხრიდან ბლოკირებული, მაგრამ ერთი მხრიდან წასასვლელი ჰქონდათ“, - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს, ასევე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ხმამაღლა და ცალსახად აცხადებდნენ, რომ ლაფანყურის ოპერაცია წინასწარ შემუშავებული სცენარით ჩატარდა, სახელისუფლო ძალებმა კი შეიარაღებული პირები ალყაში მოაქციეს და დახოცეს.