
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე განახლებული დაპირისპირების შემდეგ 30-დე აქტივისტი, მათ შორის, ჟურნალისტებიც დააკავეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება და წერს, რომ სამართალდამცველებმა მილიციის ავტომანქანებში გადაიყვანეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებიც, რომლებიც დილით გრუშევსკიზე არსებული ვითარების გადასაღებად მივიდნენ.
„მილიცია არ აკავებს ხალხს მათი პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიის ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით: დაკავებას ექვემდებარებიან მხოლოდ სამართალდამრღვევი მოქალაქეები. ამ დროისთვის დაკავებულია 30-დე აქტივისტი და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია მუხლით: „მასობრივი არეულობის მოწყობა ან მასში მონაწილეობა“, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის სამართალდამცველები არკვევენ, დაკავებულთაგან ვის რა წვლილი მიუძღვის არეულობის გამოწვევაში“, - აცხადებენ უკრაინის შსს-ში.
დაპირისპირება ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის, რომელიც კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე გუშინ, ადგილობრივი დროიით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ განახლდა. მილიციის რაზმების წევრები ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ, დემონსტრანტთა ნაწილი კი - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.
ამასთან, გრუშევსკის ქუჩაზე ევრომაიდნისა და ავტომაიდნის მონაწილეებმა დამატებითი ბარიერების აღმართვა დაიწყეს, რათა თავი რეზინის ტყვიებისგან დაიცვან.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოსახლეობა ბლოკავს გასასვლელებს, რათა „ბერკუტისა“ და შინაგანი ჯარის ავტოტრანსპორტი კიევის მიმართულებით არ გაატაროს.