
კიევის მიმართულებით მეჟიგორიიდან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეზიდენცია მდებარეობს, „ბერკუტის“ წევრებით სავსე 25 ავტობუსი დაიძრა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევრომაიდნის აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის გრძელდება დაპირისპირება „ბერკუტსა“ დემონსტრანტებს შორის, ორივე მხარეს არიან დაშავებულები.
გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებმა ორი ავტობუსის გზიდან გაწევა მოახერხეს, ცოტა ხნის წინ ისმოდა აფეთქების ხმა, რასაც სატვირთო მანქანაში გაჩენილი ხანძარი მოჰყვა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხვალ ანტიკრიზისული კომისიის შექმნა დაანონსა – ამის სესახებ ევრომაიდანზე ინფორმაცია გაავრჩელა იანუკოვიჩთან შეხვედრიდან დაბრუნებულმა ვიტალი კლიჩკომ, თუმცა, დაპირისპირებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ევრომაიდნელები „ბერკუტის“ შტურმის მოსაგერიებლად ემზადებიან და ბარიკადებს ამაგრებენ.
ბოლო მონაცემებით, გრუშევსკის ქუჩაზე ამ დრომდე იწვის ძალოვანთა ავტობუსი და სატვირთო მანქანები.