
საქართველოში აშშ–ის წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.
თბილისში ყოფნისას დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და იუსტიციის მინისტრებთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტის წევრებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან.
ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეები მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, საუბარი შეეხება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
აშშ–ის დელეგაციის წევრები თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ.