
თუ მეუღლე გღალატობთ, შეყვარებულს არ ენდობით, ან შვილის გაკონტროლება გინდათ, არიან ადამიანები, რომლებიც სიმართლის დადგენაში დაგეხმარებიან.
ქართველი კერძო დეტექტივები „კვირის პალიტრასთან“რამდენიმე სახალისო დეტალს ჰყვებიან.
თამაზ ნებიერიძე, კერძო დეტექტივი:
...ქალს, რომელსაც უღალატებენ, ისეთი მოთხოვნები აქვს, ვერ წარმოიდგენთ.
რამდენიმე წლის წინ მოვიდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მისი მეუღლე მომღერალ გლუკოზასთან ღალატობდა. არგუმენტად კი საქართველოში გამართულ კონცერტზე მეუღლის გლუკოზასთან ერთად გადაღებული ფოტო მოჰყავდა.
ქალი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ გლუკოზა დედამიწიდან გაგვექრო...
ბევრი უცნაური შეკვეთა მიგვიღია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბანკის მმართველს სპერმა მოჰპარეს, აქტის შემდეგ მისმა მეწყვილემ პრეზერვატივი მოიპარა და რამდენიმე საათში მამაკაცის დაშანტაჟება დაიწყო.
იმ ქალს სხვა ქვეყანაში გაღწევა უნდოდა, მაგრამ მისი 48 საათით აეროპორტში შეყოვნება მაინც შევძელით, რადგან 48 საათის შემდეგ სპერმა განაყოფიერებისთვის უვარგისი ხდება...
...რვასაათიანი სამუშაო დღე 200 ლარიდან იწყება. გააჩნია საქმის სირთულეს... ჩვენ ხელშეკრულებას ვდებთ კლიენტთან, სადაც გაწერილია ყველა ის მოქმედება, რაც უნდა შეასრულოს ორივე მხარემ.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეუღლეზე დაეჭვებულმა ქალმა მოგვმართა და დავადგინეთ, რომ მამაკაცს ნამდვილად ჰყავდა საყვარელი, ოღონდ არა ქალი. რთულია იმის თქმა ქალისთვის, რომ მის მეუღლეს საყვარელი კაცი ჰყავს, მაგრამ ვალდებული ვართ დამკვეთს მტკიცებულებები ინტერპრეტაციების გარეშე მივაწოდოთ.
გვქონდა შემთხვევა, როდესაც დედამ შვილის ორიენტაციაში შეიტანა ეჭვი, ბოლო დროს უცნაურად იქცევაო. მართლაც დავადგინეთ, რომ შეყვარებული ბიჭი ჰყავდა. იმის გამო, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, სიმართლე დავუმალეთ - როცა ვიცით, რომ მწარე სიმართლის გამხელას შესაძლოა ტრაგედია მოჰყვეს, თავს ვიკავებთ.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მკითხავებმაც მოგვმართეს, ჩვენგან იღებდნენ ინფორმაციებს. სხვათა შორის, კარგი გადამხდელები არიან...
ერთი ქალი დაქალთან ერთად გვესტუმრა და მეუღლის გაკონტროლება გვთხოვა.დავიწყეთ თვალთვალი. გავიდა რამდენიმე დღე და საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გაყიდული ვიყავით. ბინაში სათვალთვალო კამერა დავამონტაჟეთ და იცით, რა მოხდა? ის დაქალი აღმოჩნდა მესამე პირი, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იდგა. ბრაზილიურ სერიალებს ჰგავს ეს ამბები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთებიც ხდება.
იყო შემთხვევა, როდესაც ქმარს ჰქონდა მეუღლეზე ეჭვი, რომ ღალატობდა. გვთხოვა, როდესაც საეჭვო ვითარებაში შენიშნავთ ჩემს ცოლს, დამირეკეთო. საეჭვო ვითარებაში ობიექტი მეორე დღესვე შევნიშნეთ და დამკვეთს შევატყობინეთ. გვთხოვა, თქვენთან ერთად მეც ვუთვალთვალებო. ასეთ დათმობებზე არ მივდივართ, მაგრამ ისე გვეხვეწა, უარი ვერ ვუთხარით.
ერთი სიტყვით, მისი მეუღლე ვიღაცას ჩაუჯდა მანქანაში და ბეთანიისკენ წავიდნენ ტყეში. როგორც შეგვეძლო, მივუახლოვდით. უცებ ატყდა ჩხუბი იმ მანქანაში, როგორც მივხვდით, ქალი არ დანებდა და ჰქონდათ დიდი ამბავი. მისი მეუღლე გვეხვეწებოდა, უშველეთ ჩემს ცოლსო. რა თქმა უნდა, არაფერი მოვიმოქმედეთ. მერე ავტომობილი დაძრეს და აგარაკზე მივიდნენ. აი, იქ უკვე... დამკვეთს ფერი აღარ ედო, დამღუპა მაგ შობელძაღლმაო.
საუბარში მეორე დეტექტივი ერთვება:
ერთხელ ოთხი შვილის დედამ შეგვიკვეთა მეუღლის თვალთვალი. ეჭვი ჰქონდა, მღალატობსო. ჩვენი საქმე ხუთიანზე გავაკეთეთ და ქალს ინფორმაცია მივაწოდეთ. რამდენიმე დღეში მირეკავს ახალგაზრდა მამაკაცი და შეხვედრას მთხოვს... რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი ოთხი შვილის მამა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
მანქანაში ჩავუჯექი თუ არა, ისეთი სისწრაფით გავარდა, მივხვდი, საქმე ცუდად იყო. გზაში მხოლოდ იმის გაკეთება მოვასწარი, რომ თანამშრომლებს ესემესი მივწერე... ამიყვანა ოქროყანაში და იარაღი მომადო შუბლზე, - აქ მთავრდება შენი სიცოცხლეო... ვერ მესვრი, რადგან იციან, სად ვართ და ვერც შენ ჩახვალ თბილისამდე ცოცხალი-მეთქი. იარაღი გასწია თუ არა, ხელი ამოვუბრუნე და მიწაზე დავაგდე.
მერე მანქანაში ჩავსვი და თბილისში ჩამოვიყვანე. სახლთან რომ მივიყვანე, მის ცოლს დავურეკე... რომ დაგვინახა, ფეხებში ჩამივარდა, არ დაგვღუპო ოთხი შვილის მშობლებიო. მეორე დღეს რესტორანში კარგად ვიქეიფეთ...