
„კვირის ქრონიკა“ აყალიბებს ვერსიებს თუ ვისთან შეიძლება იმსჯელოს ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
„იბადება კითხვა: ვისთან ერთად უნდა იმსჯელოს ბატონმა ბიძინამ ჟურნალისტიკის პრობლემებზე პირდაპირ ეთერში?
თუ ისევ იმ მედიასპექტრებთან აპირებს კამათს, რომლებიც ყოველდღე ტელევიზორში სხედან და ბრძნული გამომეტყველებით სისულელეებს ლაპარაკობენ იმის მიხედვით, ვის რამდენი აქვს გრანტი მიღებული, არაფერი გამოუვა და მართლაც მიხვდება, რომ ჟურნალისტიკიდან მალე უნდა წავიდეს.
არა და მე ძალიან მინდა, რომ ჩვენს სფეროში დარჩეს და ბერი რამე ისწავლოს. რამდენიმე საკითხში მართლა ვეთანხმები ბატონ ბიძინას: რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია და არც გვაქვს, რომ დავდგეთ კანონზე მაღლა, ამას პოლიტიკოსები უფრო ახერხებენ, მაგრამ ამ კანონს პატივს ვცემთ მაშინ, როცა სასამართლო ყველასგან თავისუფალია.
უკაცრავად და, რა პატივი უნდა ვცეთ კოტე კუბლაშვილის კორუმპირებული მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს?
ისე, ძალიან მაინტერესებს, მოსამართლეები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაც, ხალხიც, სამართალიც და ადათიც, არიან თუ არა ჩვეულებრივი მოქალაქეები?
რაც შეეხება ხელისუფლების წევრების მხრიდან კრიტიკას და სუფთა ზურგს, ნეტა გვაკრიტიკონ, ნეტა გვეკამათონ, ნეტა მუშტი-კრივზეც გადმოვიდნენ და ისე დაგვიმტკიცონ თავიანთი სიმართლე, ამას რა სჯობს, ჩვენ ხომ ამაზე ვოცნებობთ“, - წერს „კვირის ქრონიკა“.