
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პატიმარ გოდერძი ჯოლოხავასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ჯოლოხავას უთანაგრძნობს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ყოფილი პატიმრის სათანადოდ დაცვა ვერ მოხერხდა:
„შემიძლია ვთქვა, რომ ვუთანაგრძნობ მოქალაქე ჯოლოხავას, რომელსაც შევხვდი 2013 წლის თებერვალში, როგორც ეს აჩვენა ჩემს მიერ გუშინწინ ამოღებულმა საშვთა ბიუროს მონაცემებმა. მას შევხვდი ოფიციალურად, მასზე დაშვებული იყო საშვი, როგორც ნებიმიერ მოქალაქეზე, რომელსაც ვხვდები ხოლმე.
ეს მოქალაქე იყო ძალიან ფრუსტრირებული, როდესაც მე შევხვდი. ნუ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ შემეცოდა, როდესაც ვუსმენდი. ის ყვებოდა დეტალურად, თუ როგორ აწამებდნენ ციხში და აიძულებდნენ, რომ ყოფილიყო ციხეში აგენტი. მან ისაუბრა ბევრ ისეთ ინფორმაციაზე, რომლის გამომჟღავნება ჩემი მხრიდან უპრიანი არ იქნებოდა.
ამის შემდეგ მან ითხოვა, რადგან შეშინებული იყო და ცახცახებდა, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა. დავუკავშირდი კბილაშვილს და ეს ადამიანი გადავაბარე მთავარ პროკურორს, რომელსაც ის დაცვის პროგრამაში უნდა ჩაერთო და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, დაეკითხა მოწმედ. ამის შემდეგ ჩემთვის უცნობია, თუ რა საუბარი შედგა ჯოლოხავასა და პროკურატურის მაშინდელ ხელმძღვანელობას – კბილაშვილსა და ნაცვლიშვილს შორის, თუმცა ვწუხვარ, რომ ეს ადამიანი მაშინ სათანადოდ ვერ იქნა დაცული და იმედი მაქვს, რომ ახლა ამას მთავარი პროკურორი გამოასწორებს“ - განაცხადა წულუკიანმა.