
აფხაზ სტუდენტებს, რომლებიც ჩეხეთში სტაჟირებაზე აპირებდნენ გამგზავრებას, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში ჩეხეთის საელჩომ ვიზების გაცემაზე უარი განუცხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სტუდენტთა საზღვარგარეთის პასპორტები აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ იყო გაცემული.
ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ჟურნალისტთა და მედიამუშაკთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა. ასოციაციის ხელმძღვანელის იზიდა ჭანიას მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტთა ჩეხეთში გამგზავრებას პატრონაჟს სწორედ ეს ასოციაცია უწევდა.
განცხადების მიხედვით, სტუდენტები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო პროექტის ფარგლებში მიემგზავრებოდნენ, ხოლო ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამგვარი პროექტებისთვის ბარიერის შექმნით ორაზროვან სიტუაციაში იგდებს თავს.
ასოციაცა აცხადებს, რომ ქვეყანა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარირებას ახდენს, მსგავს ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს.
„იმედი გვაქვს, რომ ჩეხეთში მცხოვრები ხალხი არ იზიარებს ქვეყნის მთავრობის დისკრიმინაციულ მიდგომას აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.