
ლიონელ მესის ფანი, 5 წლის ბიჭუნა, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან დამზადებული, არგენტინის ნაკრების მაისურს მიმსგავსებული მოსასხამი ეცვა, 10 ნომრითა და წარწერით "მესი" ავღანეთში იპოვეს. ბიჭუნას სახელია მურთაზა აჰმედი.
თავდაპირველად ინტერნეტში ბიჭუნას ფოტო გავრცელდა და მსოფლიო დაიპყრო. მესი მაშინვე დაინტერესდა პატარა ფანით და მასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ბიჭუნას ძებნა სხვადასხვა კავშირებით დაიწყეს და ბოლოს მას ავღანეთში მიაგნეს, სადაც ჟურნალისტებიც ჩავიდნენ. რადიო "თავისუფლებამ" ეს ვიდეორგოლი მოამზადა.
"ჩემ შვილს ფეხბურთი და მესი განსაკუთრებით უყვარს. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მისთვის ნამდვილი მაისური ვიყიდოთ, ამიტომ ის პოლიეთილენისგან გავუკეთეთ. მურთაზამ გაიგო, რომ პოპულარული გახდა, ეს იმ მეგობრებმა უთხრეს, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება", - ამბობს ბიჭუნას მამა.
ამ დროისთვის კი ლიონელ მესიმ უკვე გაგზავნა ოფიციალური წერილი ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და სთხოვა მას, პატარა ფანთან შეხვედრის ორგანიზება მოახდინოს. მესიმ მურთაზა ესპანეთში დაპატიჟა. სავარაუდოდ, მურთაზას და მამამისს საშუალება მიეცემათ, ესპანეთში ჩავიდნენ და "ბარსელონას" ერთ თამაშს დაესწრონ, რის შემდეგაც მესი მურთაზას შეხვდება და საჩუქარსაც გადაცემს.