
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დედაქალაქში, ევრომაიდანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან ტექსტი უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.
„მე ვიცნობ უკრაინას, მე მიყვარს უკრაინა, მე ვარ ქართველი, დღეს მე ვარ უკრაინელიც და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!“, - ეს ფრაზა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ევრომაიდანზე გამოსვლისას წარმოთქვა, როცა ევროინტეგრაციის მომხრეებს უკრაინულ ენაზე მიმართა.
სააკაშვილმა რამდენიმეწუთიანი გამოსვლის ტექსტი მთლიანად უკრაინულ ენაზე წაიკითხა:
„ჩვენ არ ვართ ისე მდიდრები გაზით, როგორც რუსეთია, ჩვენ არ გვყავს იმდენი ტანკი, რამდენიც პუტინს, მაგრამ ჩვენ გვაქვს თავისუფლებისკენ ლტოლვა და ჩვენი ქვეყნები იქნებიან ევროპის ნაწილი, უნდა ეს პუტინს თუ არა!“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა ოვაციებითა და შეძახილებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მისი გამოსვლის დროს ევრომაიდანზე უკრაინულთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშაც ფრიალებდა. მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნაზე უკრაინის დროშით წარდგა.