
ზუგდიდის ცენტრში შვიდმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ახალგაზრდამ, საქართველოს სახელმწიფო დროშების თანხლებით, თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის მხარდამჭერი მსვლელობა გამართა.
ინფორმაციას და ვიდეომასალას გამოცემა livepress.geავრცელებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან თორიას განცხადებით, „მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკანონოდ დაკავებულ ქართველ გმირებს“.
ახალგაზრდების ორგანიზებული მსვლელობა შეძახილებით, „ბაჩო, ბაჩო“ და „ბაჩო ახალაიას გაუმარჯოს“ ზუგდიდის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან რამდენიმე წუთში დასრულდა.
ე.წ სამხედროების წამების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 დეკემბერს, ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში ერთი, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებული ბრალდება რჩება. მას ამ საქმეზე სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა.
სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ახალაიასთან ერთად ბრალდებული 8 პირიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას გამამტყუნებელი განაჩენი დაუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. ისინი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. მათ თავისუფლების აღკვეთა სამი წლით და ცხრა თვით მიესაჯათ.