
პროფესორი დოდონა კიზირია სრულიად ქართველ ერს და საზოგადოებას მოუწოდებს, ერთმანეთის ლანძღვა შეწყვიტონ.
„მეგობრებო, ბატონებო და ქალბატონებო,
მივმართავ ყველას, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ასევე მათ მოწინააღმდეგებს, ასევე ეგრეთწოდებულ შუაშისტებს, ყველას, ვისაც რუსეთი ჩვენს საშიშ მტრად და აგრსორად მიაჩნია. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ მკითხველმა ეს მომართვა საკუთარი მისამართით აღიქვას. დანარჩენები კი ნუ დაკარგავენ დროს ამის წასაკითხათ, მათ ეს არ ეხება.
კომპიუტერულმა ტექნიკამ, ფბ-ის, ლინკედინის და ტვიტერის პროგრმებმა სასწაული მოახდინეს - დაგვაკავშირეს ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
გავიცანით ერთმანეთი, გავიცანით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, სოციალური მდგომარეობა, ჩვენი გემოვნება სხვადასხვა სფეროში და ასე შემდეგ. პირადად ჩემთვის ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომელსაც ამ პროგრამების გარეშე ვერ შევიძენდი.
ამის მეორე მხარე კი ის არის, რომ სწორედ ამ გაცნობის გამო განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული გააფთრებით დავუპირისპირდით ერთმანეთს. დაუნდობლად ვლანძღავთ, ვწყევლით და შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს. ვფიქრობ ბევრი განმარტება არ სჭირდება იმას, რათა გავისიგრძეგანოთ, რა საშინელი უბედურება, საშინელი საფრთხეა ასეთი დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის.
ხომ გახსოვთ არაკი, მამამ რომ შვილებს ფიჩხის კონის გადამტვრევა უბრძანა და როცა ვერ შესძლეს, სათითაოდ დაამტვრევინა ისინი. მაპატიეთ, თუ ეს მეტისმეტად ინფანტილური მაგალითია, მაგრამ ამ სიბრძნის უარყოფა შეუძლებელია.
რუსეთი უკვე აწყობს გეგმებს ჩვენს მოსასპობად, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გასაქრობად. თუ თქვენ მას აგრესორად სთვლით, მაშ სათანადო ინფორმაციაც გაქვთ და როგორც შორეული, ასევე ახლობელი წარსულიც არ დაგვიწყებიათ.
მე გაძლევთ წინადადებას, მოდით დავდოთ ხელშეკრულება ვირტუალურ სივრცეში, იმის თაობაზე, რომ ოდნავ მაინც ამოვავსოთ ის ნაპრალი, რომელიც ჩვენს შორის არის პირგანხმული. ამ წინადადების აზრი ასეთია - მოდით, შევეცადოთ ვიყოთ ცივილიზებულნი და ვაღიაროდ ის ფაქტი, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთრი აზრისა და პოზიციის უფლება.
თავი შევიკავოთ ერთმანეთის ლანძღვა გინებიდან, რისი შესაძლებლობაც სწორედ ვირტუალური სივრცის ერთგვარმა ანონიმურობამ შეჰქმნა. როდესაც არ დგახარ ადამიანის გვერდით, არ უყურებ მას სახეში, ენა გვეხსნება ისეთი სიტყვებისა და გამოთქმების სახმარად, რომელსაც არასოდეს არ ვიხმარდით. ან მინდა მჯეროდეს, არ ვიხმარდით რეალურ სივრცეში შეხვედრის დროს.
ეს გაუთავებელი ლანძღვა კიდევ და კიდევ უფრო აღრმავებს ნაპრალს ჩვენ შორის; კიდევ და კიდევ უფრო შეურიგებელ მტრად გვხდის ჩვენ, თანამემამულეებს. არა და დარწმუნებული ვარ, სხვა სიტუაციაში შესაძლოა მეგობრებიც ვყოფილიყავით.
ჩემი მეგობრების სიაში და ზოგი, ვაგლახ, ამ სიიდან წაშლილ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებთანაც მე უთბილესი მეგობრობა შეიძლებოდა მქონოდა. ერთს ისევე უყვარს ცხოველები, როგორც მე; მეორეს ლიტერატურა, კინო, მუსიკა; აინტერესებს ესა თუ ის სფერო, რომელიც მეც მაინტერესებს. წარმოგიდგენიათ, რამდენ სიამოვნებას ვიკლებთ ასეთი სიძულვილით და შეურიგებლობით?!
ჰოდა, მინდა შემოგთავაზოთ ასეთი რამ - მივცეთ ერთმანეთს უფლება ჩვენ-ჩვენი პოზიცია გვქონდეს, როგორ მცდარადაც არ გვეჩვენებოდეს ის. შევწყვიტოთ ერთმანეთის ლანძღვა, რაც არ უნდა გაგვაბრაზოს ვიღაცის იდეამ, აზრმა ან შეფასებამ.
როგორ ცნობილია, ყველაზე ძნელად წარმოსათქვამია სიტყვები - მაპატიე და დამეხმარე. აი, მე მოგმართავთ თქვენ ამ სიტყვებით - მაპატიეთ! მაპატიეთ თუ გამილანძღიხართ, თუ ცუდად მოგიხსენებიხართ, თუ მიწყენინებია. მაგრამ მომეხმარეთ, შევამციროთ ეს მტრული ნაპრალი ჩვენს შორის.
მომეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა სათითაოდ დატეხილი ფიჩხების ბედს. მომეხმარეთ, ერთ საქმეში მაინც ვიდგეთ ერთად, მხარიმხარ - რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამყარებაში, მე-5 კოლონასთან ბრძოლაში, იმ ფაქტების არ დავიწყებასა და გავრცელებაში, რომელიც ცხადად ჰყოფს რუსეთის წარსულ ბოროტებას და მომავალ ვერაგობას.
ჩვენს გულებში იმდენი ნეგატიური ემოციებია დაგროვილი, იმდენი სიმწარე და სიძულვილი, რომ რასაკვირველია, ძნელი იქნება მთლად უარი ვთქვათ ამ გრძობების გამოხატვაზე. მე პირველი ვაღიარებ, რომ ამას ვერც შევძლებ და ვერც დაგპირდებით.
მოდით, ასე შევთანხმდეთ, მოვიტოვოთ ამ გრძნოების გამოთქმის უფლება საპარლამენტო და სამთავრობო ფიგურებისათვის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისათვის, გნებავთ ცნობილი პირებისვისაც (რეზო ამაშუკელი ამის კარგი მაგალითია) მაგრამ დავინდოთ ერთმანეთი, თუ ჩვენი შეფასება სხვადასხვაგვარი იქნება. სამაგიეროდ ერთნაირად გვძულს პუტინის რუსეთი და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება.
გეცინებათ ამაზე? შეიძლება სასაცილოა, არ ვიცი, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო. ზოგჯერ სულ პატარა დეტალს შეუძლია რთული სიტუაციიდან გზა გვიჩვენოს. მოდით მაინც ვცადოთ. ვინც დამეთანხმება, შემეხმინოს, გნებავთ კომენტარით, გნებავთ პირადი ფოსტით. მე ხელს გიწვდით. გაქვთ იმის ვაჟკაცობა, რომ ამაღლდეთ პირადზე და თქვენი გამოხმაურებით ხელი მოაწეროთ ამ ხელშეკრულებას?“ - წერს დოდონა კიზირია.