-
2013-12-02 08:58
იმ შემთხვევაში თუ უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეები არ დატოვებენ მითვისებულ ადმინისტრაციულ შენობებს, კიევის მილიცია მათ შენობებს იძულებით დაატოვებინებს.
- ამის შესახებ კიევის მილიციის მიმართვაშია ნათქვამი.
შეგახსნებთ, რომ კიევში ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტებმა კიევის მერიის შენობა და პროფკავშირების სასახლე დაიკავეს, სადაც მათ პრესცენტრი გახსნეს.
ამავე დროს, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება ათამდე აქტივისტს, რომლებიც მილიციელებზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს. უკრაინის შსს-ს ცნობით, შეტაკების დროს ასამდე მილიციელი დაშავდა, მათი ნაწილი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება და მკურნალობს.
უკრაინის დედაქალაქში გუშინ ღამის განმავლობაში უამრავი ადამიანი დარჩა თავისუფლების მოედანზე, თუმცა, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზაცია არ შეიმჩნეოდა. ამის მიუხედავად, დემონსტრანტებსა და მილიციას შორის ერთი შეტაკება მაინც მოხდა, მაშინ როცა მილიციის სპეცრაზმმა არ მისცა საშუალება დემონსტრანტებს, მოეხდინათ მოედანზე მდგარი ლენინის ძეგლის დემონტაჟი.
ამ დრომდე არ დასტურდება ინფორმაცია 29 ნოემბრის დარბევის დროს დემონსტრანტი გოგონას გარდაცვალების შესახებ. ჯერჯერობით არაა დადგენილი იმ გოგონას ვინაობა, რომელიც "ბერკუტელების" გარემოცვაში, ქუჩაში დაგდებული გადაიღეს, თუმცა მედიკოსები აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება.
კიევში, თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები და მათი რაოდენობა იზრდება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ არ გადადგება იანუკოვიჩი. ისინი კიეველებს მასობრივად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.