
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვის სპეცრაზმმა უარი თქვა ევროინტეგრაციის მომხრეთა დარბევაზე, ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ დამატებითი ძალები კიევიდან გამოიძახა.
მომიტინგეების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ლვოვის მილიციის უფროსი. მისი განცხადებით, ადგილზე არსებული ძალები სრულიად საკმარისია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაილოვსკის მოედანზე, კიევში შეკრებილმა მომიტინგეებმა მილიციის ავტობუსი გადმოაბრუნეს და სამართალდამცველები სცემეს, თუმცა, უკრაინული მედია ავრცელებს ფოტოებს, რომელთა მიხედვითაც ეს ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, პორტალი „ცენზორ.ნეტ.უა“ მიუთითებს, რომ მომიტინგეებში მართლაც ისმოდა მოწოდება ავტობუსის გადაბრუნებისა და მილიციელთა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ლიდერებმა შესძლეს, ავტობუსი შეუფერხებლად გაეტარებინათ.
პორტალმა ამ მოვლენის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ბრძანებით, მიხაილოვსკის მოედნისკენ სპეცრაზმელთა დამატებითი რაზმები დაიძრნენ. არსებული ინფორმაციით, მიხაილოვსკის მოედანზე, ევროინტეგრაციის მომხრეთა დასარბევად შინაგანი ჯარის ნაწილებსა და სპეცტექნიკასაც ჩართავენ.