
სადახლოს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან მომხდარი იმ სისხლიანი კრიმინალური დაპირისპირების მონაწილეები, რომელთა მხრიდან იარაღის გამოყენებამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, შსს–მ ცხელ კვალზე დააკავა.
სულ დაკავებულია 6 პირი, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ორი მანქანით მივიდნენ და იქ მყოფ მერაბ კალანდაძეს, გიორგი ფირალიშვილსა და დილარ მუკბანიანს ცეცხლი გაუხსნეს მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მათთან საუბრობდნენ.
ერთერთი ვერსიით, მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი დილარ მუკბანიანს სომხეთში აცილებდნენ. ურთიერთსროლის შედეგად ორი ადამიანი – მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი მძიმედ დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გადრაიცვალნენ. მესამე, მათი თანმხლები პირი, დილარ მუკბანიანი მსუბუქადაა დაჭრილი.
გარდაცვლილი მერაბ კალანდაძე ცნობილი იყო, როგორც საქართველოში გაზგასამართი სადგურების ბიზნესის მფლობელი და მონოპოლისტი, საუბრობენ მის სიახლოვეზე კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებთანაც. კალანდაძე 2009 წელს, საჯარო სამსახურში მუშაობის დროს დიდი რაოდენობით ქრთამის აღებისთვის სხვა პირებთან ერთად დააკავეს და გაასამართლეს.
მეორე მოკლული, გიორგი ფირალიშვილი, წინასწარი ინფორმაციით, ერთერთი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის შვილია. კალანდაძე და ფირალიშვილი მძიმედ იყვნენ დაჭრილი და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს.
შსს–მ მკვლელობის გახსნის შესახებ განცხადება გვიან ღამით, მას შემდეგ გაავრცელა, რაც სადახლოში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. შინაგანი უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. გავრცელდა ასევე მკვლელობის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალაც.