.jpg)
“ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა,“- განაცხადა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე, თავის საბოლოო სიტყვაში.
სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის საჩივრის განხილვისას საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას შს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება წაუყენეს, ხოლო ერთი წლის მანძილზე ხუთჯერ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მან არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გასცეს.
„მე მაქვს ვიწრო საშუალება კითხვებზე პასუხის გაცემისა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რასაც ახორციელებს პროკურატურა. ვიცი, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მართლმსაჯულებას შეესაბამება, მაგრამ 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ვინც ჩემი მეგობრების ხელოვნურად ჩასმას ცდილობს ციხეში, ამის გამო პასუხს აგებს.
ამ ყველაფერს, რაც ხდება არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა. დაპატიმრებული ვარ ერთი წლის განმავლობაში ხუთჯერ. ჩემი მეგობრები იმიტომ აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, რომ ჩემთან ჰქონდათ კავშირი. აბსურდია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს ადგილი უბრალოდ არ აქვს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრების კამპანია მიმდინარეობს. უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე მინისტრი. ჩემს საქმესაც ამ ჭრილში განვიხილავ. ჩემს მიმართ არსებული დაუსაბუთებელი, გაურკვეველი საუბრები რომ ისმოდა, ეს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ქმედებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე არავის დავუჭერივარ, ჩემი ფეხით მოვედი ჩემს სამშობლოში", - განაცხადა ახლაიამ.
ე.წ. სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი დასრულდა. გადაწყვეტილება კი 4 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდება.