საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ბიზნესკომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის საარჩევნოდ ფასდაკლებების შეთავაზებას "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა.
იგი საზოგადოებას მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადოს ამ კომპანიებს.
„ზოგიერთი კომპამინია ავანტურისტულ თამაშში ჩაება და სთავაზობს ფასდაკლებას მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ვერა და ვერ მოხერხდა საარჩევნო პროცესში ახალ-ახალი „კარუსელების“ თავიდან აცილება. გთავაზობთ იდეას: გამოვუცხადოთ ერთკვირიანი ბოიკოტი მაკდონალდს, გუდვილს, სმარტს, ვისოლს და ამ აქციაში ჩართულ ყველა სხვა კომპანიას და არ შევიძინოთ მათგან საქონელი.
p.s. წავედი ხვალ კარფურში! ან მოდით, გავახაროთ ერთი კვირა პატარა მაღაზიები!
p.s. არჩევნების მერე მთავრობას ეტყვიან, ჩვენ გაგამარჯვებინეთო და რაც ფასდაკლებით იზარალეს, ათმაგად ამოიღებენ! არ გაუკეთებიათ თუ რა? სირცხვილია! როდემდე უნდა შეეტენოთ ყველა მთავრობას, შევარდნაძით დაწყებული და ვინ იცის, კიდევ ვისით დამთავრებული თუ არდამთავრებული!!!“ - წერს რომან გოცირიძე.