აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკაებებში მონაწილეობს, ქართულ მხარეს ოფიციალურად ემუქრება.
ჩირიკბას განცხადებით, თუ ქართველები არ შეეშვებიან „ბანდიტური მეთოდებით“ აფხაზეთის წარმომადგენელთა დაშინებას უცხოეთში, ისინი კონტრზომებს მიიღებენ:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს წარმომადგენელს იტალიაში ეწვივნენ ბანდიტური გარეგნობის პირები და უთხრეს, რომ შეუქმნიდნენ დისკომფორტს და მაქსიმალურ პრობლემებს ბიზნესში, ხოლო ჩვენი ელჩი წყნარი ოკეანის კუნძულებზე, კერძოდ, ვანუატუსა და ტუვალუში, პირდაპირ საბარგო მანქანით გამოაძევეს ფიჯის კუნძულებიდან. მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს „ფეისბუქის“ გვერდზე სიამაყითაც კი იხსენიებდა“, - ამბობს ჩირიკბა აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძენს, რომ თუ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება, ქართველებს და მათ მიერ დაქირავებულ პირებს პასუხს აფხაზური დიასპორა გასცემს:
„მე ვუთხარი დავით ზალკანიანს და ეს აღიქვეს როგორც მუქარა, მაგრამ ეს არის გაფრთხილება: თუ არ შეწყდება მსგავსი ქმედებები, აფხაზური მხარე მიიღებს ადეკვატურ ზომებს და შეუქმნის თქვენს წარმომადგენლებს მაქსიმალურ დისკომფორტს. ჩვენ გვაქვს ამის ბერკეტები - აფხაზური დიასპორა მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი“, - აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.