
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორიცელებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განუცხადა, საქართველოს მთავრობის სურვილია კერძო კაპიტალით აშენდეს ეს პორტი, თუმცა, როგორც სტრატეგიულ ობიექტში, გათვალისწინებული იქნება ის მუხლები ხელშეკრულებაში, რომელიც არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში.
"ეს იქნება ღრმაწყლიანი პორტი, რომლის განვითარებაც მოხდება რამდენიმე ფაზის შედეგად. პირველი ფაზა არის სამწლიანი ფაზა, რომელიც საქართველოს გადაზიდვების პოტენციალის გაორმაგებას ითვალისწინებს პირველ სამ წელიწადში. შემდეგი ფაზა იქნება გაასმაგება, ხოლო 12 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 40 მილიონის გამტარუნარიანობის პორტის აშენება. შემდგომი განვითარება უკვე დაეფუძნება ტექნიკურ კვლევებს, რომლის შედეგადაც კომპანია განავითარებს შემდგომ და საბოლოო სიმძლავრეს, წინასწარი მონაცემებით და გათვალებით გათვალისწინებულია 100 მილიონი ტონა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკული, ევროპული და ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ კონსორციუმში, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს.
კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 2015 წელს, სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება, ვინაიდან დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზაციას.
"პირველი ფაზა აშენდება სამ წელიწადში. წინასწარი გათვლებით ღირებულება 700 მილიონიდან, 800-900 მილიონ დოლარამდეა. მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამოდენიმე მილიარდიანი პროექტია და ვფიქრობ, ამ პროექტს შეუძლია მოიტანოს საქართველოში მომავალი 10 წლისთვის ძალინ ძლიერი ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.