
ორი ჩოხოსნის ვინაობა, რომლებმაც კოლმეურნეობის მოედანზე ტყუპი ძმები დაჭრეს, ჯერჯერობით დაუდგენელია.
სისხლის სამართლის საქმე სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული, თუმცა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ერთერთმა ჩოხოსანმა ხანჯლით სახეში ღრმა ჭრილობები მიაყენა ერთერთ ძმას.
ვიდეომასალაში, რომელიც მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში „რუსთავი2“-მა გაავრცელა, თვითმხილველი ჰყვება, რომ დაპირისპირებული მამაკაცები ერთმანეთის მოპირდაპირედ იდგნენ და მათ შორის სიტყვიერი გადალაპარაკება დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა:
"ისე ურტყამდა, ვერც ვერავინ ჩაერეოდა. იმ მეორე ბიჭს ხელი არ გაუნძრევია საერთოდ. აი ის მაღალი რომ იყო, მე ვუთხარი, ეგ ნასვამიაო და ვერ მივეკარებიო. ერთ ძმას სახე სულ წაშლილი აქვს, თავზეც დაჭრილია, შუბლის მიდამოებშიც დიდი ნაპრალი აქვს“, - ამბობს ერთერთი თვითმხილველი.
"ორი პატიოსანი ბიჭი იდგა აქ, ძმები ვართო, ტყუპებიო. სადღაც აფხაზეთში ვიომეთო. აქ იდგნენ, არავისთვის არაფერი არ დაუშავებიათ და იქით იდგა ორი ჩოხოსანი. ერთი სუსტი, მეორე ძალიან მაღალი. მერე არ ვიცი, რა მოხდა“, - ამბობს მეორე.
დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მომხდარიდან რამდენიმე წუთში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.