
მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს, „ვარდების“ რევოლუციის მნიშვნელობას აფასებს და აცხადებს, რომ „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ გრძელდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წერილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
"გილოცავთ გიორგობას! "ვარდების რევოლუცია" 2003 წელს გიორგობას დაემთხვა. ასევე აჭარის განთავისუფლება სეპარატისტული რეჟიმისგან სწორედ გიორგობას, 6 მაისს დაემთხვა.
"ვარდების რევოლუციამ" საფუძლველი ჩაუყარა ისტორიულ მოგზაურობას დემოკრატიის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისკენ, მოგზაურობას ჩვენი ბუნებრივი სახლის - ევროპის მიმართულებით.
"ვარდების რევოლუციამ" შექმნა ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, შექმნა ის თაობა, რომელიც აღარასდროს შეეგუება ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. სწორედ "ვარდების რევოლუციამ" მიიყვანა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს კარამდე.
„ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა მხოლოდ 2003 წლის 23 ნოემბერი, განვლილი ათი წლის თითოეული დღე, ქვეყნის აღმშენებლობისთვის მუშაობის თითოეული საათი - ვარდების რევოლუცია იყო.
ეს წლები იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ აღიდგინა სიამაყე თავისი ქვეყნით. "ვარდების რევოლუციის" შედეგად პირველად მრავალი საუკუნის განმვალობაში კავკასიაში შეიქმნა თავისი ეპოქისთვის წარმატებული სახელმწიფო. ჩვენ დავანგრიეთ დამპყრობლის მიერ თავზე მოხვეული მითი, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ნამდვილი, წარმატებული სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ შეგვძლებია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა!
ათი წლის წინ ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ საქართველო სახელმწიფოდ გვექცია და დღეს როდესაც უკან ვიხედები, მე ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც "ვარდების რევოლუციამ“ მსოფლიო რუკის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია.
ვინც რა არ უნდა თქვას, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, მაგრამ ეს არის ისტორია, რომელიც გრძელდება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის!
პრეზიდენტის სასახლის ფასადზე მე თავის დროზე დავაწერე სიტყვები - “ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“. დარწმუნებული ვარ სიბნელისა და რეგრესის ძალების ყველანაირი რევანში დროებითია, მათი ზეიმი ნაადრევია, ვინაიდან საბოლოო ჯამში ისტორიის სწორ მხარეს სწორედ ჩვენ ვართ.
ბოლოს ყოველთვის სიკეთე და პროგრესი იმარჯვებს!
გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის გრძელდება! ამ ბრძოლის საბოლოო წარმატებამდე მიყვანა ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.