
ბიზნესმენები მირიან ოქროშიაშვილი და გიორგი ორთანეზაშვილი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას მოითხოვენ.
"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გორის წისქვილკომბინატის ყოფილმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ყოფილი გენპროკურორის ზეწოლის შედეგად, 2004 წელს შპს "ფორტეს" კუთვნილი შენობა-ნაგებობები და 2 მილიონამდე თანხა წაართვეს.
"აღნიშნული თანხები გადაგვარიცხვინეს ოქრუაშვილის დავალებით სპეციალურ ანგარიშებზე. რაც შეეხება ქონებას, ჩვენთან შპს "ფორტეში" მოსული იყვნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის, მოყვანილი ჰყავდათ ნოტარიუსიც და გორის გამგებლის იმჟამინდელი მოადგილე ნუკრი პაპუნაშვილი, მეტსახელად "პეპელა". სწორედ აღნიშნულ პიროვნებაზე გადაგვაფორმებინეს ზეწოლის შედეგად წისქვილკომბინატის მთელი ქონება.
ორი წლის წინ მივმართეთ პროკურატურას, წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება, ყველა დოკუმენტი, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე დაკითხული არ არის. მოვუწოდებთ გორის პროკურორს, ქობულაშვილს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და აწარმოოს გამოძიება და აღდგეს სამართალი. ამ ხელისუფლებისგან ჩვენ სწორედ სამართლის აღდგენას ველოდებოდით", - განაცხადა მირიან ოქროშიაშვილმა.