"ედუარდ შევარდნაძეს დრამატული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა, თუმცა მის დროს საქართველოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო", - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას.
კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო ნატო-სთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
"2002 წლის პრაღის სამიტზე სწორედ შევარდნაძემ შეიტანა განაცხადი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დაწყებაზე. ასევე, შევარდნაძემ მოუპოვა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომლის მნიშვნელობაც დღეს, უკრაინის კრზისის ფონზე, ასე მკაფიოა.
უნიკალური პროექტების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის საქართველოზე გატარება სწორედ მისი უშუალო ჩართულობით, ჰეიდარ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგად იქნა მიღწეული. ეს პროექტები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და საქართველო უფრო მდგრად პოლიტიკას ახორციელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.