-
2014-07-07 17:14
"შემგუებლობიდან და წამყრუებლობიდან ერთი ნაბიჯი რჩება ქურდული რომანტიზმისა და „ტრადიციული გაგების " ქართული კლიმატის აღდგენამდე", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
გოცირიძე რუსეთში თავშეფარებული ყოფილი მაღალჩინოსნების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი დანაშაულის ჩამორეცხვა შეუძლებელია.
„ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძველი დროის კორუმპირებული მაღალ თუ დაბალჩინოსნები. თითქოს წინა ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულობები მათ უფლებას აძლევდნენ თავიანთი კორუმპირებული და დანაშაულებრივი წარსულის ჩამოსარეცხად.
ამ ადამიანების „დამსახურება"არის ის, რომ ქვეყნის მრავალმილიარდიან ქონებას ე.წ. „წითელი დირექტორები" და ერთი მუჭა სახელისუფლო „გარემოცვა"დაეპატრონა, 7 ლარიან პენსიაზე ამყოფებდნენ ხალხს წლების განმავლობაში, რომლებიც სიღატაკიდან დღემდე ვერ გამოსულან. გაჭირვებისას გარბოდნენ მოსკოვში და ამით განამტკიცებდნენ არესბულ ეჭვს მათი აგენტურული წარსულის შესახებ და მზად იყვნენ ემსახურათ ოკუპანტისათვის პრივილეგიებისა და ქონების შოვნის სანაცვლოდ.
ესენი წურბელებივით ასხდნენ ქვეყანას და ახლაც უნდათ ძველი პოზიციების დაბრუნება.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანი, თავისი მანკიერი წარსული გამოცდილებით, კვლავ ადვილად პოულობს ადგილს ხელისუფლების იერარქიაში ( ძირითადად, ნაკლებად თვალშისაცემ საშუალო რგოლში).
ამათ ჰგონიათ, სამართლიანობის აღდგენა მათი უსამართლობის გამართლება და ჩამოწერაა? ნურას უკაცრავად! მახსოვრობა არ დაგვიკარგავს!", -აცხადებს რომან გოცირიძე.