-
2014-07-04 23:22
10 ივლისიდან თბილისი-მახინჯაური-თბილისის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასი მოიმატებს. კერძოდ, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარი, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარი იქნება.
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ბილეთები კი არ ძვირდება, არამედ აქამდე აღნიშნული მიმართულებით ფასდაკლება მოქმედებდა, რაც 10 ივლისიდან ორი თვის განმავლობაში მოიხსნება და მომხმარებლები აქამდე არსებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ.
„2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან 10 ივლისამდე პერიოდს. ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი.
ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში. სატარიფო ცვლილება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს შეეხება. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე კი სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება,“ - აცხადებენ რკინიგზაში.
სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან.
აღსანიშნავია, რომ სატარიფო ცვლილებების შედეგად ზღვისპირეთში გამგზავრების საფასური პრაქტიკულად ტაქსის ტარიფს გაუტოლდება. როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, თბილისიდან ბათუმში გამგზავრების ტარიფი 150 ლარიდან იწყება, და ოთხი პირის ერთდროულად წაყვანის შემთხვევაში, თითოეულს 40 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს.