
კიევში ოპოზიცია მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება.
ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე, უკრაინის დედაქალაქში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა და იანუკოვიჩის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
ხალხთან გავიდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ვიტალი კლიჩკო, რომელმაც განაცხადა, რომ იანუკოვიჩი უკრაინელ ხალხს, ევროპელ ლიდერებსა და აშშ–ს ატყუებდა, მისი გეგმა კი რუსეთთან უკრაინის მიერთებას ისახავს მიზნად.
საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის გადაწყვეტილებას კეტრინ ეშტონიც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინას ჰქონდა უპრეცედენტო შეთავაზება, რაზედაც უარის თქმით უკრაინამ უარი უთხრა არამარტო ევროპას, არამედ საკუთარ ხალხსაც.
დღეს კიევში ჩავა ევროკომისარი შტეფან ფულე, ხოლო ოპოზიცია გრანდიოზულ გამოსვლებს გეგმავს, რომელიც გუშინ ღამითვე დაიწყო, როცა მოქალაქეებმა ალყა შემოარტყეს რადას შენობას და სკანდირებდნენ: “უკრაინა ევროპაში!”.