
„მარშალის ფონდის“ ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ კონფერენციას, მოხსენებებსა და კამათს მოხსენების შესახებ „რუსთავი2“–მა სიუჟეტი მიუძღვნა.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ელენე ხოშტარია, კახა ბენდუქიძე და გია ნოდია ღებულობდნენ, მათ გარდა კი კონფერენციაში აშშ–ის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის მიერ წაკითხულ ციტატას თომას ჰამერბერგის მოხსენებიდან კახა ბენდუქიძის პასუხი მოჰყვა.
თომას დე ვაალმა საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ელიტური კორუფციის არსებობის დასადასტურებლად ჰამერბერგის მოხსენების ციტატა მოიშველია:
„მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა პარლამენტს, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ადმინისტრაციებს. მიწის და სხვა კერძო საკუთრების კონფისკაცია ხდებოდა და საშუალება ამის გასაჩივრების მცირე იყო, ან საერთოდ არ არსებობდა. სახელმწიფოს კერძო საკუთრება გადაეცემოდა ზეწოლის ან შიშის საფუძველზე. იყო საჩივრები ელიტურ კორუფციაზე“, – თქვა დე ვაალმა.
ეს ციტატა ელიტური კორუფციის არსებობის დასამტკიცებლად არასაკმარისად მიიჩნია კახა ბენდუქიძემ, რომელმაც პარალელი ოთახში მყოფ, მაგრამ უჩინარ ნიანგებთან გაავლო:
„დარწმუნებით საუბრობენ, რომ არსებობს ელიტური კორუფცია, მაგრამ თითქოს ის დამალულია. ეს იგივეა, ვთქვა, ამ ოთახში თქვენ უკან ნიანგები არიან, მაგრამ იმალებიან და რომ შეხედავთ, გაქრებიანო. წელიწადზე მეტია, ახალი მთავრობა აკონტროლებს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსურ პოლიციას.
აქამდე გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ელიტური კორუფციის. აქედან გამომდინარე, არის ორი სავარაუდო პასუხი: ელიტური კორუფცია ან არ არსებობდა, ან არსებობდა და ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია იმდენად სუსტები არიან, მტკიცებულებებს ვერ პოულობენ“,–აღნიშნა „თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა.