-
2014-06-30 13:28
ირაკლი სესიაშვილმა, რომლის კანდიდატურასაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე აქტიურად განიხილავდნენ, დავით უსუფაშვილსგან ხმამაღალი შენიშვნა მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარეს გაბრაზება ბიუროს სხდომის დაწყებისთანავე დაეტყო, როცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი ცარიელი დახვდა. ანუ ირაკლი სესიაშვილი ბიუროს სხდომას არ დაესწრო.
ალბათ, იფიქრებთ, დიდი ამბავი, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ იქნებოდაო? როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე პირადად გაუფრთხილებია, ბიუროს სხდომა ტარდება და ეგებ შენ თუ ვერა, მოადგილე მაინც დაესწროსო. სესიაშვილმა უსუფაშვილს პირობა მისცა, მაგრამ შემდეგ „გადააგდო“.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიბრაზე არ დამალა:
– გუშინ სპეციალურად ვესაუბრე ირაკლი სესიაშვილს, იქნებოდა თუ არა კომიტეტიდან ვინმე. ბრძანა, რომ იქნებოდა მისი მოადგილე. თუ ბიუროზე არ დადიან, ე.ი. კომიტეტზეც არ დადიან, არ უნდათ განხილვა სავალდებულოდ – თუ უნდათ, ისე განიხილონ.
პასუხი ირაკლი სესიაშვილმა დავით უსუფაშვილს მედიიდან გასცა:
– მე ბათუმში ვიმყოფები, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბიუროს სხდომაზე ვერც მე და ვერც ჩემმა მოადგილემ ვერ შევძელით მისვლა. ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი გვაქვს ინიცირებული, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მეორე ტური დაინიშნა და სესიები გადაიდო, აირ-დაირია ჩვენი გრაფიკებიც.
გარკვეულწილად კომიტეტის წევრების ბიუროზე მიუსვლელობა ამანაც განაპირობა, რაღაცა გაუგებრობა მოხდა. ვწუხვარ, რომ ვერ მივედი, მაგრამ ეს იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ვესწრები.
როგორც გაირკვა, მოგვიანებით მათ ტელეფონითაც ისაუბრეს. როგორც ჩანს, გაცდენა პარლამენტის თავმჯდომარემ პერსონალურ შეურაცხყოფად მიიღო.
სამაგიეროდ, უკვე მოგვიანებით და უკვე ბათუმში უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ უკვე დავით უსუფაშვილს "უსაყვედურა":
– დიდი პატივია, რომ ჩვენი კონფერენცია პრეზიდენტმა გახსნა, დღეს კი სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს უზარმაზარი პატივია თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისთვის. ბატონო დავით, თქვენ ვერ გაგივათ ეს, მე მივიღე ინფორმაცია, რომ თქვენ იმიტომ ვერ მობრძანდით, რომ გუშინ ბევრი სასმელი მიირთვით და დღეს ადგომა გაგიჭირდათ, მაგრამ ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა.
ამ ხუმრობას პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ ღიმილით უპასუხა.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=31091&c=2